მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველმა სამბისტებმა ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ თავიანთი ბრძოლები მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
ოძელაშვილმა საკმაოდ იოლად დაამარცხა რუმინელი ლორენა-ალექსანდრა პოდელენცკი (9-0) და ფინალში გასასვლელად ფრანგ კამილ ლაროზთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს უკრაინელი ნატალია სმალი და ბელარუსი ანჟელა ჟილინსკაია დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება 80 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელენე ქებაძეს, მან რუსი ანა ბალაშოვა მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა და ნახევარფინაალში, ოძელაშვილის მსგავსად, ფრანგ სპორტემენს დაუპირისპირდება. ეს არის ელენა შირაკი, რომელმაც პირველი ეტაპი გამოტოვა და პირდაპირ ნახევარფინალში ერთვება ასპარეზობაში.
ამ ბადის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელარუსი კატერინა კალუჟნაია და უკრაინელი ანასტასია საპსაი შეხვდებიან.