სამაშველო ოპერაციის გამო, ხვალ ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტება
ხვალ, 29 ივლისს, დილის 06:00 საათიდან გადაიკეტება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელი ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად. იგეგმება ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა 27 ივლისს ავტო საგზაო შემთხვევის დროს ხევში გავარდნილი სატვიროთო ავტომობილის ამოსაყვანად.
„მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედარის პოვნა და ხევიდან ამოყვანა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი, რომლის ძებნის სამუშაოებიც დილის 06:00 საათიდან აქტიურად განახლდება.
„მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში მონიტორინგის მიზნის დარჩებიან პოლიციისა და სამაშველო ჯგუფები“, – აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.