სამაშველო გემს, რომელზეც 200-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება, მალტას პორტში არ უშვებენ
სამაშველო გემ Lifeline-ს, რომელზეც 200-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება, მალტას პორტში არ უშვებენ. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გერმანული ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ, რადგან რამდენიმე საათის წინ მალტასგან მიიღეს შეტყობინება, რომ მათ ტერიტორიულ წყლებში სამაშველო გემს არ შეუშვებდნენ.
რამდენიმე საათის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე სამაშველო გემს მალტა მიიღებდა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მალტის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს. თუმცა თავად კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავრობა იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ გამოხმაურებია.
ამასთან ჯუზეპე კონტემ აღნიშნა, რომ ბორტზე მყოფ რამდენიმე მიგრანტს იტალია მიიღებდა. იგივე გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა კიდევ ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ.
გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ხმელთაშუა ზღვაში 200-ზე მეტი მიგრანტი ერთი კვირის წინ გადაარჩინა. სამაშველო გემ Lifeline-ზე ბავშვები და ორსული ქალებიც არიან. ერთი კვირის განმავლობაში მათ მიღებაზე უარი უკვე თქვეს იტალიამ, მალტამ და ესპანეთმა.