„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 6-დან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – შვიდი; სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – რვა; სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის რვა შემთხვევა; ასევე, გამოვლინდა სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.
ანგარიშის თანახმად, მთავარ გამოწვევად ამომრჩეველზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლა რჩება.
„ამგვარი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. ერთი მხრივ, ართულებს პოლიტიკოსების დაუბრკოლებელ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვასა და განხორციელებას. ასევე, გამოწვევად რჩება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომელთა რაოდენობა იმატებს საარჩევნო პროცესების გააქტიურებისა და არჩვნების დღის მოახლოებასთან ერთად. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებზე დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირთა დასჯა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა ინფორმაცია მისი გუნდის წევრი ქალის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ კვლევის შედეგების თანახმად, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსად რჩებიან და ხშირია მათი საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, უმეტესად, კი მმართველი პარტიის მიერ.
„თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მრელაშვილმა, საჯარო სკოლის დირექტორებთან ერთად, ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების მხრიდან სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ბოლო პერიოდში, არაერთ დირექტორს ტელეფონზე ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ თავი დაანებონ აქტივობას და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რადგან „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ისინი არ დარჩებიან თანამდებობაზე.
კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისები. ახალარჩეულ კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი“, – ნათქვამია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს: დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტები; არ გამოიყენოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული რესურსები პარტიული მიზნებისთვის; საჯარო მოხელეებმა და სკოლისა და ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობისაგან.
ამასთან, ორგანიზაცია ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს: არ დაუშვან მათი მხარდამჭერების მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელება; არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლის/მუქარის განხორციელება; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიული მიზნებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს; არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.