„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი“ ციფრული შრომის პლატფორმების კვლევას აქვეყნებს
„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი“ ციფრული შრომის პლატფორმების კვლევას აქვეყნებს

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ტიპის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება, – ამის შესახებ დღეს „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ბექა ნაცვლიშვილმა გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს. მისი თქმით, გამოკვლეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: „გლოვო,“ „ვოლტი,“ „ვოლტ ფუდი,“ „ბოლტი,“ „იანდექსი“ და „მაქსიმი.“ ასევე, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობას, ისე ციფრულ პლატფორმებს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განმარტა, კომპანიები შეფასდნენ ხუთ პრინციპის მიხედვით, უმაღლეს შეფასებას 10 ქულა წარმოადგენდა და თითო პრინციპი ფასდებოდა 2-2 ქულით.

„აღნიშნული პრინციპები იყო:

სამართლიანი ანაზღაურება – მშრომელებმა, მიუხედავად მათი დასაქმების კლასიფიკაციისა, უნდა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება, სამუშაოსთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით. ანაზღაურება თანხვედრაში უნდა მოდიოდეს როგორც ქვეყანაში დაწესებულ მინიმალურ ხელფასთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ საცხოვრებელ ხელფასთან, რომელიც თვეში 1 770 ლარს და საათში 10 ლარს შეადგენს კანონით დადგენილი რვასაათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით. კვლევამ გამოავლინა, რომ საცხოვრებელი ხელფასით უზრუნველყოფის პრინციპს სრულყოფილად ვერცერთი კომპანია ვერ აკმაყოფილებს. კომპანიებმა 2-დან 1 ქულა მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში 1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი, რომელიც თვეში 20 ლარს შეადგენს, დღესაც დე იურე ძალაშია;

სამართლიანი პირობები – პლატფორმებს უნდა ჰქონდეთ შემუშავებული პოლიტიკა, რათა დაიცვან მშრომელები სამუშაოსთან დაკავშირებული ძირითადი რისკებისგან და გაატარონ პროაქტიული ზომები მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ხელშეწყობისთვის. ეს გულისხმობს სამედიცინო დაზღვევას, უსაფრთხოების სავალდებულო ტრენინგებს და აღჭურვილობის უსასყიდლოდ გადაცემას მშრომელებისთვის. პლატფორმის ეკონომიკაში სამუშაო დავალებასთან დაკავშირებული სპეციფიკური რისკების შემცირება, სამწუხაროდ, ხშირად მშრომელების პასუხისმგებლობად ითვლება. გამოკითხულ მშრომელთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუშაობა სპეციალური უსაფრთხოების ტრენინგის გავლისა და შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე დაიწყეს. წლევანდელ რეიტინგებში მხოლოდ ერთ პლატფორმას – Glovo-ს მიენიჭა ერთი ქულა სამართლიანი პირობებისთვის, რადგან მათ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც სპეციფიკური რისკების შესამცირებლად იქნა გადადგმული ნაბიჯები. სრულფასოვან სამედიცინო დაზღვევას, სამწუხაროდ, ვერცერთი კომპანია ვერ უზრუნველყოფს;

სამართლიანი კონტრაქტი – წესები და პირობები მშრომელებისთვის უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, აღქმადი და გასაგები. კომპანია უნდა ექვემდებარებოდეს ადგილობრივ კანონმდებლობას და, მიუხედავად მშრომელთა დასაქმების სტატუსისა, ხელშეკრულება არ უნდა შეიცავდეს პუნქტებს, რომლებიც დაუსაბუთებლად გამორიცხავს პლატფორმის პასუხისმგებლობას. მხოლოდ Glovo-ს, Maxim-სა და Wolt-ს მიენიჭა თითო ქულა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისი მკაფიო წესებისა და პირობებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომი და გასაგებია მშრომელებისთვის. სამწუხაროდ, არცერთ პლატფორმას არ ერგო ქულა ამ პრინციპის მეორე პუნქტისთვის, რადგან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პლატფორმები მშრომელებს ცვლილებებს აცნობენ გონივრულ ვადაში და რომ წესები და პირობები არ ათავისუფლებთ პლატფორმებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან და რომ შეგროვებული მონაცემები და დინამიკური ფასებისთვის გამოყენებული გამოთვლები გამჭვირვალეა და დოკუმენტირებულია მშრომელებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით;

სამართლიანი მენეჯმენტი – უნდა არსებობდეს დოკუმენტირებული პროცესი, რომლის მეშვეობითაც მშრომელებს შეეძლებათ, გაეცნონ და გაასაჩივრონ მათზე მოქმედი გადაწყვეტილებები. უნდა არსებობდეს მშრომელებსა და პლატფორმებს შორის კომუნიკაციის მკაფიო არხები. ალგორითმის ფუნქციონირება უნდა იყოს მხარეებისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი. კომპანიაში არსებული მშრომელთა რეიტინგის სისტემა უნდა გამორიცხავდეს დისკრიმინაციას. ჩვენ მიერ გამოკითხული მძღოლები და კურიერები გამოხატავენ უკმაყოფილებას, რომ მათი უსაფრთხოებასთან, პრობლემურ მომხმარებელთან და საგზაო მოძრაობის სტრესთან დაკავშირებული პრობლემები არ არის ჯეროვნად აღქმული. კომპანიების მხარდაჭერის გუნდებთან კომუნიკაცია ხშირად ითვლება არაეფექტურად და მშრომელებს დამოუკიდებლად უწევთ გამოწვევებთან გამკლავება. მხოლოდ Glovo-მ და Wolt-მა მოიპოვეს თითო ქულა კომპანიის მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაციის შედარებით ხელმისაწვდომი არხების არსებობის გამო. ამასთან, Glovo სთავაზობს მშრომელებს მიღების საათებს ოფისში, „კურირების ცენტრში“, თბილისში. ამ პრინციპის მეორე პუნქტისთვის მხოლოდ Wolt-ს მიენიჭა ერთი ქულა. მათ წარმოადგინეს ანტიდისკრიმინაციული, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშემწყობი ზომების დამადასტურებელი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მათი დავალებების განაწილების ალგორითმი ცხადად არის დეკლარირებული. მომხმარებლების მიერ მშრომელებისთვის მინიჭებული დისკრიმინაციის რისკის შემცველი რეიტინგები არ არის გამოყენებული შეფასებისა და დავალებების განაწილების პროცესში;

სამართლიანი წარმომადგენლობა – კოლექტიური ორგანიზება და წარმომადგენლობა არის მშრომელთა ფუნდამენტური და განუყოფელი უფლება, პლატფორმებმა უნდა უზრუნველყონ დოკუმენტირებული პროცესი, რომლის მეშვეობითაც მშრომელებს, დასაქმების კლასიფიკაციის მიუხედავად, უნდა შეეძლოთ კოლექტიურ ორგანიზაციებში გაერთიანება და პლატფორმები უნდა იყვნენ მზად მათთან თანამშრომლობისთვის და მოლაპარაკებისთვის.
სამწუხაროდ, ამ პრინციპის დაკმაყოფილება ვერცერთმა კომპანიამ შეძლო“, – აღინიშნა კვლევის პრეზენტაციაზე.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კვლევის შედეგები დაეფუძნა აღნიშნულ ციფრულ პლატფორმებში დასაქმებულთა ინტერვიუებს, კომპანიების მიერ მოწოდებულ დოკუმენტირებულ მასალებს და საჯარო სივრცეში არსებულ ღია წყაროებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი კომპანიის მენეჯმენტმა (Glovo, Wolt) ითანამშრომლა სრულფასოვნად მკვლევრებთან.

„ზემოთ აღნიშნული ციფრული პლატფორმების სამართლიანი შრომის (Fairwork) ხუთი საერთაშორისო პრინციპი დაფუძნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებზე და შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან და შრომის სამართლის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად. Firework-ის კვლევითი პროექტი კოორდინირებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტინსტიტუტისა და WZB ბერლინის სოციალური მეცნიერებათა ცენტრის მიერ. მკვლევრების ქსელი აფასებს პლატფორმებს ხუთ კონტინენტზე, 39 ქვეყანაში. საქართველოში კვლევა განახორციელა „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა.“

საქართველოში ციფრული პლატფორმების მეშვეობით დასაქმებულთა მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამ ფორმით დასაქმებულები კლასიფიცირებული არიან, როგორც თვითდასაქმებული და მათზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად იკვეთება ციფრული პლატფორმების მუშაკების დაქვემდებარებული მდგომარეობა პლატფორმების მიმართ, რაც ჩვეულებრივი სახელშეკრულებო შრომითი ურთიერთობების მახასიათებელია. შესაბამისად, პლატფორმების მუშაკები მოკლებულნი არიან იმ მცირედ სოციალურ დაცვასაც კი, რასაც საქართველოს კანონმდებლობა მშრომელებისთვის ითვალისწინებს, მიუხედავად მათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მაღალი რისკებისა.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობას, ისე ციფრული პლატფორმებს.

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ტიპის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება. ამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა იქნას აღიარებული:

• მათი კოლექტიურ ორგანიზაციებში გაერთიანების უფლება და შრომით დავებსა და სამმხრივ კომისიაში მათი როგორც სრულფასოვან მხარის მონაწილეობა;
• საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა პლატფორმის მიერ განსაზღვრული წესები და პირობები უნდა დაექვემდებაროს საქართველოს კანონმდებლობას და ისინი აღიარებულ უნდა იქნენ მუშაკებთან დადებული ხელშეკრულების მხარედ;
• უნდა მოხდეს კანონმდებლობით ციფრული პლატფორმების მუშაკების მინიმალური სავალდებულო სამედიცინო პაკეტის განსაზღვრა, რომელიც არ გავრცელდება მხოლოდ უბედურ შემთხვევებზე;
• მათ უნდა მიეცეთ უფლება დაგროვებით საპენსიო სისტემაში სრულფასოვანი მონაწილეობისა, როგორც ეს ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში ხდება;
• შრომის ინსპექციას უნდა მიეცეს მათი შრომის პირობების ინსპექტირების უფლება“, – აღნიშნულია „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ კვლევაში.