„სამართლიანი არჩევნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაუბალანსებელ ოქმებთან დაკავშირებით „ისფედისა“ და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავებაზე განმარტებას აკეთებს
„სამართლიანი არჩევნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ სართანია დაუბალანსებელ ოქმებთან დაკავშირებით „ისფედისა“ და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავებაზე განმარტებას აკეთებს.
მისი განცხადებით, ცესკო-მ დაუბალანსებელი უბნების რაოდენობა მას შემდეგ დათვალა, რაც საარჩევნო უბნებისა და ოლქების შესწორების ოქმები გამოიცა. სართანიას განცხადებით, ყველა პროცესის გავლის შედეგად, ცესკო-მ 19 დაუბალანსებელი უბანი დათვალა, რაც საქართველოში გახსნილი უბნების 0.5 პროცენტია.
მისივე განმარტებით, კენჭისყრის დღის დასრულების შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ დათვლით დაუბალანსებელმა უბნებმა 8 პროცენტი შეადგინა, თუმცა შესწორების ოქმების შედგენის შემდგომ, „სამართლიანი არჩევნების“ და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთს დაემთხვა.
„რატომ განსხვავდება ჩვენი მონაცემები ცესკო-ს მონაცემებისგან. ცესკო აცხადებს, რომ დღეისათვის მეტობით დაუბალანსებელი არის 19 ოქმი, რაც შეადგენს საქართველოში გახსნილი უბნების დაახლოებით, 0,5 პროცენტს. იკითხავთ სად 8 პროცენტი და სად 0.5 პროცენტიო. ცესკო-მ ეს მეტობით უბნები დაითვალა მას შემდეგ, რაც ყველა შესწორება შედგა, ანუ მას შემდეგ, რაც გამოიცა შესწორების ოქმი უბანზე, გამოიცა შესწორების ოქმი ოლქში, შედგა ოლქში განკარგულება და ა.შ. ყველა პროცესის გავლის შემდეგაც კი ცესკო-ს დარჩა 19 უბანი, სადაც არის მეტობა დაფიქსირებული, რაც შეადგენს უბნების 0.5 პროცენტს.
ჩვენ შერჩევას თუ შევხედავთ და გამოვიანგარიშებთ, ჩვენი შერჩევითაც, დაუბალანსებელი ოქმები შეადგენს 0,4 პროცენტს, ანუ ოქმები, სადაც მეტობა დარჩა. ანუ გამოდის, რომ ჩვენი მონაცემი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცესკო-ს მონაცემს ემთხვევა. კენჭისყრის დღის დასრულებისთვის ჩვენ გვქონდა უბნების 8 პროცენტი, სადაც იყო მეტობა. ეს ოქმები შემდეგ გადის შესწორების რიგ პროცესს, სწორდება უბანზე, სწორდება ოლქში, შესწორების ოქმით ან განკარგულებით. უკვე ამ პროცესების შემდგომ, ერთსა და იმავე დავალებას ცხრაჯერ რომ გადაწერ, ბალანსი დაჯდება. ამიტომ, ჩვენი მონაცემი ემთხვევა მხოლოდ მას შემდგომ, რაც ყველა ეტაპზე დაბალანსდა ოქმები. ჩვენც რომ გადავითვალეთ ყველა ეტაპზე დაბალანსებული ოქმები, რა თქმა უნდა, დაემთხვეოდა“, – განაცხადა თამარ სართანიამ.
ამასთან, სართანიას განცხადებით, დისბალანსის შემთხვევაში ბიულეტენების გადათვლა უნდა მოხდეს და არა ზეპირი მეხსიერებით შესწორების ოქმების შედგენა.
„პრობლემა არის ის, რომ ჩვენ როგორც ორგანიზაციას, მსგავსი შესწორება მიგვაჩნია საეჭვო. როცა შესწორება ხდება ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე, გადათვლის გარეშე, ეს იწვევს ეჭვს, ხომ არ ხდება მონაცემების ხელოვნურად შესწორება, ისე რომ დაჯდეს ბალანსი.
ამ 68 ოქმის უმეტეს შემთხვევაში ეს ჩასწორებები ეხება ბათილ ბიულეტინებს და ამომრჩევლის რიცხვს. პარტიების ხმებსაც ეხება, თუმცა უფრო ნაკლებად. ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უმტკივნეულო მონაცემების ჩასწორებაზე იყო საუბარი, ბათილ ბიულეტენებსა და ამომრჩევლის რაოდენობაზე არავინ მოედავებოდა. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვამტკიცებთ, უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც არის მეტობით დისბალანსი, მისი გასწორების საშუალება არის ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და არა ზეპირი მეხსიერებით აღდგენილი შესწორების ოქმების მონაცემების შეტანა“, – განაცხადა თამარ სართანიამ.