„სამართლიანი არჩევნები“ - უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დადგენილი პროცედურებით წარიმართა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები.

მათივე ცნობით, ორ შემთხვევაში გამოვლინდა დამკვირვებლის უფლების უხეში შეზღუდვა, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დამკვირვებლის მიმართ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მათი აღრიცხვის შემთხვევები.

„საყურადღებოა, რომ ბათუმის #45 და #85 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.