სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში წარადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook-გვერდი და 11,469 პოსტი გააანალიზა. საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ: ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი; ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი; მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი; ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი; ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი; ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი. მათივე ინფორმაციით, დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.
ასევე, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 Facebook-გვერდს. მონიტორინგი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც.
ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. 69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“ პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ასევე ვრცელდება პრორუსული ნარატივებიც.
ორგანიზაციის ცნობით, ინტენსიურად გრძელდება Facebook-ის არაოფიციალურ, ანონიმურ და ცრუ მედია გვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიებიც. საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“), კრიტიკული მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 30 გვერდი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა.
ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე, ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი.
მედიის საწინააღმდეგო პოსტებში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ არიან. „მთავარი არხის“ დისკრედიტაცია, ძირითადად დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საკითხების გაშუქებას მიემართებოდა და გაისმოდა ბრალდებები საკითხის შერჩევითად და პარტიულ კონტექსტში გაშუქების შესახებ. ტელეკომპანია „იმედი“ დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნე იყო გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გამო, რომელშიც ნიკა ლალიაშვილისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლის საუბარია გადმოცემული.
ამასთან, მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ 9 ცრუ მედია გვერდი მოქმედებდა, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდა. ცრუ მედიის 9 გვერდზე სულ 403 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან ISFED-მა 7 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა.
„ფეისბუქზე“ კვლავ ორგანიზებულად მოქმედებს როგორც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი გვერდები. ოპოზიციის მხარდასაჭერად 18 Facebook გვერდი მოქმედებდა, რომელთაც ჯამში 137,708 გამომწერი ჰყავთ. ხელისუფლების მხარდასაჭერად 17 გვერდი მოქმედებს 430,851 გამომწერით.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების პოსტების რაოდენობა და ინტერაქცია მნიშვნელოვნად აჭარბებს ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდებისას. ინტერაქციების რაოდენობის სხვაობა სავარაუდოდ დაკავშირებულია პოსტების დასპონსორებასთან, რისი მეშვეობითაც კონკრეტულ პოსტს ბევრად მეტი მომხმარებელი ნახულობს.
წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. პარტიების და კანდიდატების 177 ოფიციალურ გვერდზე 4,925 რეკლამა გამოქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით.
პოლიტიკური რეკლამების ნაწილი ანონიმურად, სავალდებულო დეკლარირების გარეშე ვრცელდებოდა, ხოლო ფეისბუქის რეაგირება დარეპორტების მიუხედავად არაეფექტური და არასაკმარისი იყო. საანგარიშო პერიოდში ფეისბუქზე პოლიტიკური მიზნით მოქმედ 42 გვერდზე „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ეს რეკლამა პოლიტიკური კანდიდატის ან საკითხის შესახებ შინაარსის გამომხატველი იყო და დარღვევით გამოქვეყნდა, მხოლოდ 23-ის მოქმედება შეჩერდა.
წინასაარჩევნო მოწოდებები და პოლიტიკური დისკუსია „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე მხარდამჭერ ჯგუფებად გამოვლინდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები. პარტიებთან ოფიციალურად აფილირებული ჯგუფების გარდა, „ფეისბუქზე“ მოქმედებენ მადისკრედიტირებელი ჯგუფები. ისინი ძირითად „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედებენ. ექვსი საჯარო ჯგუფი ეწევა ყველა პარტიის დისკრედიტაციას, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და, დიდი ალბათობით, ყველა მათგანი დაკავშირებულია ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებთან. დამატებით, დაინტერესებული პირები, პოლიტიკური მიზნებისთვის ფეისბუქზე არსებულ სხვადასხვა ტიპის საჯარო ჯგუფებს იყენებენ.
ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას: პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს; პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის – პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს; ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.