„სამართლიანი არჩევნები“ - ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა
„სამართლიანი არჩევნები“ - ოზურგეთში პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს შეფასებაში, გიორგი როყვას წინააღმდეგ სავარაუდო ზეწოლის ფაქტიც მოხვდა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის ოთხი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი გამოვლინდა.

მისი თქმით, თითქმის, ყველა შემთხვევაში, ოზურგეთში სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. მისივე განმარტებით, ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში.

ბენიძის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთის მცხოვრებლები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც აღქმული იქნება ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. ასევე მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა”-განაცხადა ბენიძემ.

სამართლიანი არჩევნები არჩევნების პროცესს ექვსივე ოლქის 317 საარჩევნო უბანზე დააკვირდება. ასევე 12 ნოემბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი.