ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემში (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი), დააკვირდა. ამ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 15 მობილური ჯგუფისგან, 542 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლებისგან შედგებოდა. კიდევ 12 მუნიციპალიტეტში, სადაც მერის არჩევნები გაიმართა, ორგანიზაციას მობილური ჯგუფის დამკვირვებლები ჰყავდა. „სამართლიანი არჩევნები,“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით, უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც დააკვირდა. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებდა მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი).
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 30 ოქტომბრის განმავლობაში 3-ჯერ წარმოგიდგინათ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ამჯერად, ორგანიზაცია წარმოგიდგენთ არჩევნების დღის შემაჯამებელ შეფასებას, აგრეთვე, ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და ინციდენტებს.
კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.
არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ამ დროისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
გარე დაკვირვების მიგნებები (08:00-20:00)
„სამართლიანი არჩევნები“ 8 მუნიციპალიტეტის შემთხვევითად შერჩეული 100 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრსაც დააკვირდა. ორგანიზაციამ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია 100-ვე დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების მიხედვით:
34 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 15 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 11 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 8 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა;
11 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა;
ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 8 უბანზე;
სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა დაფიქსირდა 4 უბნის გარეთ, მათ შორის 2 თბილისში და 2 ბათუმში;
2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი;
10 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება-ტრანსპორტირება ხმის მისაცემად;
5 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.
უბნის მოწყობის, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის სტატისტიკა
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის მოწყობის, კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაცია 542 დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების თანახმად:
ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება ყველგან შეუზღუდავად მიეცათ;
502 საარჩევნო უბანი კენჭისყრის დასაწყებად 08:00 სთ-ზე, ხოლო 40 საარჩევნო უბანი 08:00-08:20 შუალედში იყო მზად;
540 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესის შესაბამისად გადანაწილდა; წილისყრის პროცედურის დარღვევები თბილისის და ბათუმის საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა;
ყველა უბანზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა და პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდები იყო განთავსებული, დაცული იყო;
541 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას ყოველთვის სათანადო დოკუმენტაციით აძლევდნენ;
534 საარჩევნო უბანზე მარკირება ყოველთვის კანონით დადგენილი წესისამებრ მოწმდებოდა; მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევის შემთხვევები თბილისის (4), ბათუმის (1); რუსთავის (1); ზუგდიდის (1) და ფოთის (1) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა;
538 საარჩევნო უბანზე მარკირება ყოველთვის სათანადოდ კეთდებოდა; მარკირების გაკეთების პროცედურის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (1) და ზუგდიდის (1) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა;
536 საარჩევნო უბანზე ბიულეტენები სათანადოდ, ხელმოწერითა და ბეჭდით, მოწმდებოდა; ბიულეტენების დამოწმების წესის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (2) და ზუგდიდის (2) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა;
534 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები თბილისის (2), ბათუმის (2) და ზუგდიდის (4) საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა;
23 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა (2) ან/და სიტყვიერი დაპირისპირების (21) ფაქტები; აქედან, 8 შემთხვევა თბილისის, 5 რუსთავის, 4 ზუგდიდის, 2 ქუთაისის, 2 ბათუმის და თითო შემთხვევა ფოთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა;
10 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისათვის დაკვირვების უფლების შეზღუდვის და მათზე ზეწოლა/მუქარის შემთხვევები, მათ შორის ზუგდიდის (5), ფოთის (2), ქუთაისის (1), თბილისის (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში;
7 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შენობაში ხდებოდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, მათ შორის ბათუმის (4), რუსთავის (1), ზუგდიდის (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში;
16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო სიებთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის თბილისის (6), ზუგდიდის (3), ქუთაისის (2), ფოთის (2), ბათუმის (1), ოზურგეთისა (1) და თელავის (1) საარჩევნო ოლქებში;
541 საარჩევნო უბანზე წილისყრა მთვლელების შესარჩევად კანონით დადგენილი წესით ჩატარდა;
ბიულეტენების დათვლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა ყველა საარჩევნო უბანზე;
540 უბანზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.
საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ხმის დათვლის პროცესის დროს გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ერეოდა კომისიის საქმიანობაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა;
#66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ შეზღუდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უფლება. კერძოდ, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი იყო და მითხოვა დოკუმენტის ნახვა. პასუხად, თავმჯდომარემ დოკუმენტი დამალა და დამკვირვებლის მიმართ გამოავლინა აგრესია.
ბათილი ბიულეტენები
#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირდა 8 ბიულეტენი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა. რვავე ბიულეტენზე ხმა ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული;
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა რამდენიმე ბიულეტენი დაამოწმა ბეჭდით, მაგრამ არ დაამოწმა ხელმოწერით, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა. აღნიშნულ ბიულეტენებში ხმა დაფიქსირებული იყო ოპოზიციური სასარგებლოდ;
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 20 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით. კომისიამ არ მოახდინა დამრღვევი რეგისტრატორების იდენტიფიცირება. ბიულეტენებზე, უმრავლეს შემთხვევაში ხმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული;
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა ბიულეტენების არასათანადოდ შევსების 15 შემთხვევა. კერძოდ, ბიულეტინთა ნაწილზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა, ნაწილზე კი – რეგისტრაციის ბეჭედი. შედეგად ყველა ეს ბიულეტენი გაბათილდა, თუმცა რეგისტრატორებს აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ. რეაგირება არ მომხდარა ასევე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან;
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენები ბეჭდითა ან/და ხელმოწერით არ დაამოწმა, რის გამოც 4 ბიულეტენი გაბათილდა;
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა 2 ბიულეტენი, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა;
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნის კომისიამ ბათილად მიიჩნია ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ამომრჩევლის ნება რეალურად იკვეთებოდა. მაგალითად, გადახაზული იყო ერთი კანდიდატი და შემოხაზული – მეორე. ამ მიზეზით გაბათილდა დაახლოებით 10 ბიულეტენი;
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #39 საუბნო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნების 6 და მაჟორიტარული არჩევნების 6 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა.
ბიულეტენების ჩაყრა
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე, ყუთის ზედამხედველმა ზედმეტად მოათავსა სპეციალური კონვერტები ყუთში. ამ ფაქტს უბანზე მოყვა არეულობა და შეფერხდა საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება. Მმოგვიანებით, უბანზე არსებული დაპირისპირების გამო, თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. უბანზე იყო პრაქტიკულად სრულიად უმართავი სიტუაცია და შეხლა-შემოხლა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ადგილზე დაწერა საჩივარი. დამკვირვებელმა თვითონ დაინახა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ხმის დათვლის დროს ე.წ „ბალანსი“ შედგა, რაც იწვევს ეჭვს, რომ ბიულეტენების ჩაყრასთან ერთად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებას.
ფიზიკური დაპირისპირება
#67 საარჩევნო ოლქის #90 უბანზე დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი 1 ხმის მეტობით, რაზეც რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება. ოპოზიციამ გამოხატა უნდობლობა შედეგების მიმართ, რასაც მოყვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კომისიის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.
შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა
#60 საარჩევნო ოლქის ოზურგეთის #37 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს არ მისცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი, რადგან მისი განმარტებით ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა.
დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში
#5 ისნის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 3-ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე;
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საგულისხმოა, რომ ხმების დათვლისას, ერთი კონვერტიდან ამოვიდა ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენი.
დაულუქავი დოკუმენტაცია
#69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #3 და #10 საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული;
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნი არ იყო დალუქული.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე, სამაგიდო სიაში, ერთ-ერთ რეგისტრატორის ხელმოწერის გასწვრივ ამომრჩევლის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიუხედევად იმისა, რომ ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა, მონაცემი მაინც აისახა ხელმოწერების საერთო რაოდენობაში;
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი 11 ამომრჩევლიდან ყველამ მიიღო მონაწილეობა როგორც მერის, ასევე – საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში, მაშინ, როდესაც 4 მათგანს არ ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
#33 ქარელის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში განთავსებული იყო „ქართული ოცნების“ დროშა, რაზეც თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციაში.