„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით 13:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის 77-ე, 79-ე, 89-ე და 91-ე საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება.
მათივე ცნობით, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდება. ამომრჩევლები რუსთავი-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 9 მობილური ჯგუფის, საუბნო საარჩევნო კომისიის 20 და საოლქო საარჩევნო კომისიის 3 დამკვირვებლისგან შედგება. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა გადამოწმებისა და ინციდენტის ცენტრები. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამების დასრულებამდე აკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნები“ ასევე სრულად აკვირდებოდა შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. როგორც რუსთავისა და გარდაბნის, ასევე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის დამკვირვებლებს შესვლისა და დაკვირვების უფლება ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ.
ბათუმის 89-ე, 90-ე, 92-ე და მე-100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. ბათუმის 23-ე, 69-ე, 79-ე, 89-ე, 90-ე, 92-ე და მე-100 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო. ბათუმის 77-ე, 79-ე, 89-ე, 91-ე საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც. ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს.
„სამართლიანი არჩევნები“ შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც საუბრობდა ამ უბანზე ამომრჩეველთა სერიოზული მატების შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი ერთ დღეს დარეგისტრირდა, რასაც შესაძლოა, ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა. შედეგად, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდა კანონის იმპერატიული მოთხოვნის გვერდის ავლა. საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც პასუხისმგებელია უბნის საზღვრების დადგენაზე, არ უნდა დაეშვა ამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონსაწინააღმდეგო რაოდენობით თავმოყრა.
ამასთან, საარჩევნო უბნის დადგენილზე მეტად გადატვირთვამ, უბნის სივრცის სივიწროვისა და ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პირობებში, როცა ამომრჩეველსა და კომისიას მეტი დრო სჭირდება კენჭისყრის პროცედურების განსახორციელებლად, შესაძლოა, დაარღვიოს კოვიდრეგულაციები და პრობლემა შექმნას ხმის მიცემის ფარულობის მხრივაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განმარტებით, რუსთავი-გარდაბნის მე-12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„სამართლიანი არჩევნები“ ინფორმაციას ავრცელებს 06:45-12:00 საათის პერიოდში საარჩევნო უბანზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებითაც.
„აღნიშნულ პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები: ბათუმის მე-100 საარჩევნო უბანზე შეინიშნება სკანერის აპარატის გაუმართაობა, დაახლოებით, ყოველ მე-5 ამომრჩეველს უკან უბრუნდება ბიულეტენი. დაბრუნებული ბიულეტენის უკანა მხარეს გადასულია მარკერის მელანი, რის გამოც ირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი.
ბათუმის 79-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გამოცხადებული იყო მაისურით, რომელზეც ჰქონდა წარწერა – ნუგზარ ფუტკარაძე (ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის სახელი და გვარი), რაც, შესაძლოა, ჩაითვალოს აგიტაციად.
ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2015 ამომრჩეველი, თუმცა უბანზე განთავსებულია მხოლოდ სამი კაბინა, მაშინ, როცა კანონის თანახმად, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი კაბინა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავე საარჩევნო უბანზე ფართის სივიწროვისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლის გამო, დამკვირვებლებს ხელი ეშლებათ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებაში. ამავდროულად, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკი“, – აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების ინფორმაციაში.
ამავდროულად, ორგანიზაცია საუბრობს კოვიდრეგულაციების დარღვევის ფაქტებსა და სხვა სახის დარღვევებზე.
„ბათუმის 90-ე საარჩევნო უბანზე ირღვეოდა კოვიდრეგულაციები. კერძოდ, დაახლოებით 15-მდე ადამიანს არ ეკეთა პირბადე. შენიშვნის მიუხედავად, უბანზე მყოფი პირების ნაწილი არ დაემორჩილა მითითებას.
სხვა დარღვევები – ბათუმის 79-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი გამოცხადდა ბეიჯით და მართვის მოწმობით. კომისიის წევრი დაუშვეს უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით. საარჩევნო უბნის მიმდებარე პერიმეტრზე დაფიქსირებული ტენდენციები: ბათუმის 77-ე საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა ამომრჩეველთა არაერთჯერადი მობილიზება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით. ბათუმის 79-ე საარჩევნო უბანთან მყოფი „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ დამკვირვებელი საეჭვო კომუნიკაციაში შედის ამომრჩევლებთან. უბანთან მობილიზებულნი არიან სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებიც. ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანთან მყოფი კოორდინატორები და აკრედიტებული დამკვირვებლები ახორციელებენ ამომრჩეველთა მობილიზებას.
ბათუმის 91-ე საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა ხანგრძლივი შეკრებები. კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ბათუმის ნომერ 79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია ორი საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია ხუთი შენიშვნა, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა ერთი საჩივარი.