„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, მეორე ტურისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელა.
საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი არჩევნებამდე ხუთი თვის განმავლობაში, 1 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, „სამართლიანი არჩევნების“ ცენტრალური ოფისისა და 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ექვსი შუალედური ანგარიში გამოსცა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგი ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. ორგანიზაცია უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს სრულად დააკვირდა, ხოლო საარჩევნო პროცესის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზისთვის ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდი გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია 980 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა, მათ შორის, ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ ოთხ საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულ გარემოში – გლობალური პანდემიის ფონზე ჩატარდა, რაც გამოწვევას წარმოადგენდა, როგორც არჩევნების ორგანიზების, ასევე, ამომრჩეველთა და საარჩევნო პროცესის მონაწილე სხვა ძირითად აქტორთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზებისთვის.
„არჩევნების დღე, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, ძირითადად, კანონმდებლობის დაცვით წარიმართა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა ზეწოლა/მუქარა/მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების სიმრავლემ, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებამ, კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსებმა და მათზე რეაგირების ნაკლოვანმა პრაქტიკამ, აგრეთვე, საარჩევნო დავების არასათანადოდ განხილვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო პროცესში შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
• საპარლამენტო არჩევნებს წინ განხორციელებული საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის შედეგად, არსებული საარჩევნო მოდელი მიუახლოვდა პროპორციულ სისტემას, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფას. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის მიუხედავად, კვლავ უცვლელი დარჩა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში პოლიტიკური გავლენების არსებობა და პარტიების მიერ არაპარიტეტული წესით წევრების დანიშვნის საკითხი, რამაც განაპირობა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირება და დატოვა კითხვები საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ;
• წინასაარჩევნო პერიოდში გამოწვევას წარმოადგენდა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლის/მუქარის შემთხვევები. პანდემიის გამო დამძიმებულმა სოციალურმა ფონმა, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ არაერთი ადამიანის სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და შექმნა მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემის აუცილებლობა. თუმცა, სახელმწიფოს სახელით გაცემული დახმარების მოსახლეობამდე მიტანაში მმართველი ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შედეგად, ეს დახმარება, ბენეფიციართა თვალში, „ქართულ ოცნების“ მიერ გაღებულ დახმარებად ასოცირდებოდა. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, რომლებიც ადგილზე სახელისუფლებო ძალას წარმოადგენდნენ და ამომრჩევლის თვალში გაიგივებულნი იყვნენ მასთან. მთელ ამ პროცესში, პრობლემა იყო სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არარსებობა. ტენდენციის სახე ჰქონდა მაჟორიტარი დეპუტატებისა და კანდიდატების მიერ საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის შესახებ ინფორმაცია აქტიურად შუქდებოდა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.
• გარდა ადმინისტრაციულ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობისა, მმართველი პარტიის მიერ მიღებული და წინასაარჩევნოდ დახარჯული ფინანსები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოპოზიციური პარტიების რესურსებს. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებს ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, არსებითად არათანაბარ პირობებში უხდებოდათ კამპანიის წარმოება;
• საარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით რეგიონებში, გამოწვევად რჩებოდა ფიზიკური დაპირისპირების, ზეწოლის/მუქარის შემთხვევები. მათ შორის ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ქალი კანდიდატების მიმართ არაკეთილგანწყობილი გარემო, რაც, ხშირად, გამოიხატებოდა სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკრედიტაციითა და მუქარით. ასევე, გავრცელდა პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ ცნობებიც;
• მიუხედავად საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებისა, რომლის საფუძველზეც, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალათ, სკოლები და მათი ადმინისტრაცია კვლავ პოლიტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა;
• წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა უკიდურესი პოლარიზაციით, როგორც ტრადიციულ, ისე სოციალურ მედიაში. პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები, უმეტესად, უარს აცხადებდნენ დაპირისპირებულ ძალასთან აფილირებული საინფორმაციო პლატფორმების გამოყენებაზე. დისკუსია იშვიათად იმართებოდა პროგრამულ საკითხებსა და პარტიების სამომავლო ხედვებზე. შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოესმინა პოლიტიკური პროგრამები და გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი. ასეთი გარემო არ ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ახალი/შედარებით მცირე მხარდაჭერის პოლიტიკური პარტიების წარმოსაჩენად და კიდევ უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის;
• არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, მმართველმა პარტიამ კვლავ გამოიყენა აღნიშნული მეთოდი. ეს პრაქტიკა, წლებია, პრობლემას წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმი. პარტიული კოორდინატორების გარდა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ საეჭვო პირთა ჯგუფების შეკრება, დამატებით რისკს უქმნიდა თავისუფალ საარჩევნო გარემოს.
• საარჩევნო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენდა გადასწორებული და დისბალანსიანი (როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით) შემაჯამებელი ოქმების სიმრავლე და მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ნაკლოვანი პროცესი. შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი პრობლემებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესწორების ოქმები როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგა. საგულისხმოა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმების რაოდენობა აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიებში შემდგარი შესწორების ოქმების რაოდენობას. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესწორების ოქმების შედგენა არა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, არამედ არაფორმალურ გარემოში წარიმართა. შესწორების ოქმები, უმეტესად, სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოიცემოდა. კერძოდ, შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები არა გადათვლის საფუძველზე, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წერილობით ან/და ზეპირ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით სწორდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამ მეთოდით შედგენილი შესწორების ოქმები და საოლქო სარჩევნო კომისიაში გადათვლის გარეშე გამოცემული განკარგულებები აღიქმებოდა შემაჯამებელ ოქმში ბალანსის მიღწევის ინსტრუმენტად;
• საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავის განხილვისთვის დადგენილ სტანდარტებს. გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. შემაჯამებელი ოქმების შესწორებისა და საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობდა საქმის გარემოებათა შესწავლისა და არსებითი განხილვების გარეშე და, შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების ნაცვლად, კომისია ეყრდნობოდა მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს. საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრეს მოვალეობას, კენჭისყრის სათანადოდ ჩატარებასთან ერთად, მისი შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამგვარი ნდობა უნდა მიღწეულიყო, ყველა არსებულ შენიშვნასა და საჩივარზე, დასაბუთებული და გამჭვირვალე განხილვის შედეგად მიღებული პასუხით. ამის საპირისპიროდ, საჩივრების განხილვის პროცესმა ვერ უზრუნველყო შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დარღვევების და ხარვეზების გამჭვირვალე და სანდო მექანიზმებით აღმოფხვრა;
• საარჩევნო დავების განხილვისას, ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საერთო სასამართლოებშიც. საარჩევნო კომისიების მსგავსად, აქაც გამოიკვეთა ფორმალური, ზედაპირული მიდგომა. ამასთან, სასამართლოები, როგორც წესი, სრულად იზიარებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების ყველა მოსაზრებას და მსჯელობას, მაშინაც, როცა ის არაფრით იყო გამყარებული ან/და საპირწონედ მომჩივანის საფუძვლიანი არგუმენტები არსებობდა. სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად შაბლონური იყო. აღსანიშნავია, რომ ზოგი მსჯელობა და აზრი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებებში იდენტურია და შეიცავს მსჯელობებს საარჩევნო კოდექსის არარელევანტურ ნორმებთან დაკავშირებით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ვერ აჩვენეს არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვის მაღალი სტანდარტი“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.