„სამართლიანი არჩევნები“ 20:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებას ავრცელებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ავრცელებს განცხადებას 20:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა.
„არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები. ეს პრაქტიკა წლებია კრიტიკის საგანს წარმოადგენს და შეფასებულია, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მექანიზმი. აღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრა დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების ნებასთან არ გამოიყენონ ასეთი საშუალება ამომრჩეველთა გასაკონტროლებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი უკონკურენტო არჩევნების დროსაც, მმართველმა პარტიამ უარი არ თქვა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვაზე და ამით აქტივობის უზრუნველყოფაზე.
გარდა აღნიშნულისა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის პირობებშიც კი გამოავლინა ისეთი მძიმე დარღვევა, როგორიცაა ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი), ასევე ამომრჩევლის მოსყიდვა. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს ასეთი ფაქტების დაფიქსირება საკმაოდ რთულია. საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.
შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის გარეშე ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც ადგილი ქონდა იგივე სახის დარღვევებს და პრობლემებს, რაც დაფიქსირდა პირველი ტურის დროს. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს, თუ რამდენად პრობლემური იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის დარღვევები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა, გამონაკლისი არ იყო და ტენდენციის სახე მიიღო. აღნიშნული, ამყარებს იმ შეფასებას, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი და რასაც ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ“, – აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.
ორგანიზაციის ცნობით, დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირდა შემდეგი დარღვევები:
„პარტიის კოორდინატორები მობილიზებული იყვნენ #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #3, #4 და #6 საარჩევნო უბნეზე; #16 ყვარლის და #17 თელავის საარჩევნო ოლქების ყველა უბანზე; #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 და #26 საარჩევნო უბნებზე; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #06, #08, #15, #35, #58, #48, #74, #73, #30, #37, #39, #52, #55 და #61საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #11, #18; #21, #22, #23, 29, #30, #31 და #32, საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #43 #58 და #59 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #09 საარჩევნო უბანზე;#51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #19 და #20 საარჩევნო უბნებზე; #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #3, #13 და #14 საარჩევნო უბნებზე; #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #2, #5, #7, #10, #11, #20 და #44 საარჩევნო უბნებზე; #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15, #17, #18, #36 და #37 სარჩევნო უბნებზე; #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #1, #10; #16, #18, #19, #20, #21, #22, #25, #26, #32, #33 და #35საარჩევნო უბნებზე.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელები არჩევნებზე გამოცხადებას სთხოვენ. ასევე, შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
#82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა.
ასევე, #82 შუახევის საარჩევნო ოლქის #26 და #27 საარჩევნო უბნებზე; #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა.
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #73 და #106 საარჩევნო უბნებთან სუფრები იყო გაშლილი, ხოლო კომისიის წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებდნენ კენჭისყრას.
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორმა პოლიციელთან საუბრისას განუცხადა, რომ 240 ამომრჩევლის მოყვანა უკვე შეძლო და კიდევ 40-ს ელოდებოდა“, – აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში“.