„სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია რვა საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში ათი
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების თითქმის 1/4 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბანზე წილისყრის პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ.
„საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.
უბნების 99.7%-ზე ორგანიზაციის დამკვირვებლები შეზღუდვების გარეშე შეუშვეს, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (99.7%);
უბნების 57.9%-ზე 15-დან 17-მდე კომისიის წევრი იმყოფებოდა. 9-დან 14-მდე კომისიის წევრი დაფიქსირდა უბნების 42.0%-ზე. დანარჩენ 0.1%-ზე კომისიის წევრთა რაოდენობა 1-დან 8-მდე მერყეობდა;
უბნების 99.6%-ზე უბნის ფართი და შიგა მოწყობა პროცესზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა;
უბნების 75.7% 08:00 საათზე მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუარესებაა 2017 წლის არჩევნებთან შედარებით (99.3%); საარჩევნო უბნების 24.1% მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 08:00-08:20 შუალედში; 08:20 საათისთვის, საარჩევნო უბნების 0.2% არ იყო მზად კენჭისყრის დასაწყებად;
უბნების 99.2%-ზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესი გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მცირე გაუარესებაა 2017 წლის არჩევნების შესაბამისი მაჩვენებლთან შედარებით (99.7%);
უბნების 99.9%-ზე საარჩევნო ყუთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა, ხოლო უბნების 99.7%-ზე პაკეტების მთლიანობა, სადაც კომისიის ბეჭდებია განთავსებული, დაცული იყო.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობა იყო თბილისშიც.
რაც შეეხება დარღვევებს, ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, წილისყრის წესის დარღვევა, საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, უბნის სიახლოვეს ამომრჩევლის აღრიცხვა, საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული დარღვევა.
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია რვა საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 10 საჩივარი. ოთხი შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.