სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ თენგიზ ქობალია ზუგდიდის მერიის შენობიდან გამოიყვანეს
ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია რამდენიმე წუთის წინ მერიის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.
თენგიზ ქობალიამ განაცხადა, რომ არ იცის, რატომ დააკავეს.
ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ გააცნეს საქმე და არ შუეშვეს იმ ოთახში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, რას ედავება გამოძიება თენგიზ ქობალიას.
ამასთან, პირველ არხს ზუგდიდის მერიის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დაუდასტურა ინფორმაცია მერიაში მიმდინარე ჩხრეკის შესახებ, თუმცა, ქობალიას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
სუს-მა ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი დღეს დააკავა. გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.
ქობალია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეში ფიგურირებდა. რამდენჯერმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს.