სამართალდამცველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ბრალდებული თავს დაესხა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.