სამართალდამცველებმა ხმაურის გამო, რვა თვის განმავლობაში, 252 პირი დააჯარიმეს
სამართალდამცველებმა ხმაურის გამო, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, რვა თვის განმავლობაში, 252 პირი დააჯარიმეს.
პირველმა არხმა მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შსს-ს მონაცემების მიხედვით, 2017 წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე, ხმაურის გამო, 177 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა, ხოლო 2018 წლის მარტის ჩათვლით – 75 ჯარიმა დაიწერა.
ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონი 2017 წლის 15 აგვისტოს ამოქმედდა. კანონის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირები არ დაჯარიმდებიან, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.
ერთი წლის მანძილზე სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის – 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
კანონი განსაზღვრავს დღისა და ღამის ხმაურს. დღის საათებად ითვლება 07:00 საათიდან – 23:00 საათამდე, ღამის საათებად – 23:00 საათიდან 07:00 საათამდე.