სამართალდამცავებმა ლა მანშის სრუტეში არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ბრალდებულები დააკავეს
სამართალდამცავებმა ლა მანშის სრუტეში არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ბრალდებულები დააკავეს. როგორც BBC-ი წერს, დაპატიმრებულია ირანის 33 წლის და ბრიტანეთის 24 წლის მოქალაქე. ისინი პოლიციამ მანჩესტერში აიყვანა.
სამართალდამცავების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების დეტალებს ვერ გაამხელენ.
არალეგალი მიგრანტები ლა მანშის სრუტის გავლით, ნავებით ცდილობენ საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში გადავლას. ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა, რის გამოც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანაპირო დაცვის სამსახური გააძლიერა. საპატრულო ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდან, ლა მანშის სრუტეში გადაიყვანეს. ვრცელდება ცნობა, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დახმარება თავდაცვის სამინისტროსაც სთხოვა.
2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ლა მანშის სრუტის გავლით დიდ ბრიტანეთში 239 არალეგალი მიგრანტი მოხვდა.