სამანტა პაუერი - განსაკუთრებული მადლობა პრემიერ ღარიბაშვილს ტყვიით დაბინძურების მკურნალობისა და პრევენციისთვის გაწეული ძალისხმევისთვის
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომლის ძალისხმევამ ტყვიით დაბინძურების მკურნალობისა და პრევენციისთვის ხუთ წელიწადში ორი მესამედით შეამცირა სისხლში ტყვიის შემცველობა ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი პანელური დისკუსიისას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.
მისივე თქმით, საინტერესო იქნებოდა, მოესმინა ანგარიში, როგორ მიაღწია საქართველომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას.
„ტყვიით მოწამვლა ყოველწლიურად 1.6 მილიონ ადამიანს იწირავს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მალარიისა და შიდსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა. საერთაშორისო დონორებისგან ჯამური ინვესტირება ამ კრიზისთან გამკლავებისთვის ამჟამად მხოლოდ 15 მილიონი დოლარია. მშობლებზე უკეთ არავის ესმის ტყვიით მოწამვლის კრიზისის სასწრაფოდ გადაჭრის აუცილებლობა. ათწლეულების განმავლობაში ტყვია წამლავდა ბავშვებს საკლასო ოთახებში, საძინებლებსა და სათამაშო მოედნებზე. ტყვიის შემცველობაა საკვებში, რომელსაც ბავშვები მიირთმევენ, სასმელში, რომელსაც სვამენ, მედიკამენტებში, რომელსაც იღებენ და, რა თქმა უნდა, საღებავებში, რომლითაც მათი საძინებელი ოთახებია შეღებილი და სათამაშოებში, რომლებიც ეხმარება მათ შემეცნებასა და გაზრდაში“, – აღნიშნა სამანტა პაუერმა.