სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა
სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და პატრიარქმა ასევე იმსჯელეს ქართველი მეცნიერების შესახებ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.

სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.