სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მაღალი პროცენტულობით საჩხერეში მოიგო, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხმა კი საბურთალოდან მიიღო
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში მიიღო. საჩხერეში მას ხმა ამომრჩევლის 91,78%-მა მისცა.
საჩხერის შემდეგ ყველაზე მაღალი მხარდაჭერის მაჩვენებელი მას ლენტეხში აქვს, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს ხმა ამომრჩევლის 77.08%-მა მისცა. თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხმა სალომე ზურაბიშვილს საბურთალოზე აქვს მიღებული. მის სასარგებლოდ არჩევანი 50 164-მა მოქალაქემ გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე მეტი ხმა ქუთაისში მიიღო – 36 676, თუმცა კონკურენტთან შედარებით, ვაშაძე ქუთაისში მაინც დამარცხდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.