საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს უმასპინძლა და გათავისუფლება პირადად მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ექიმსა და მის ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ციხიდან თქვენს გათავისუფლებას. ამ ფაქტმა მომავლის იმედი გაგვიჩინა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟა გაფრინდაშვილს.
შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.