სალომე ზურაბიშვილმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოსა და ინდოეთის კვირეულის გამართვის საკითხი განიხილა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ორბელიანების სასახლეში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების გამო მიღებული გადაწყვეტილებისავის და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და საზოგადოებისათვის ძალიან სიმბოლური და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის როლი ამ ვიზიტის მომზადებასა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საკითხში.

მომავალ წელს საქართველო და ინდოეთი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს აღნიშნავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თარიღისთვის საქართველოსა და ინდოეთში გაიმართოს ჩვენი ქვეყნების კვირეული.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა – ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმავონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში.

საუბარი შეეხო, როგორც რეგიონში შექმნილ ვითარებას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ბორდერიზაციას, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გატაცებებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.