საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის ღირსების ორდენით ათი ადამიანი დააჯილდოვა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი;
საქართველოს გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ყოფილი უფროსი ავთანდილ დვალიშვილი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი როინ კაშმაძე;
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი უფროსი სპეციალისტი რაჟდენ კოპალიანი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ლომიძე;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე თამარ როსტიაშვილი;
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ყოფილი უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა;
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ფაღავა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბექა ძამაშვილი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან მესხორაძე.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
„ეს დღეები საქართველოსათვის სადღესასწაულო დღეებია. ხვალ, 26 მაისის დღესასწაული და გენერალ კვინიტაძის დაკრძალვაა. ამ დღეებში ძალიან სწორად მიმაჩნია, რომ ჩვენ ასევე აღვნიშნოთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
ეს ძალიან დიდი მოვლენა და ისტორიული მიღწევაა იმ ძალიან რთულ ბრძოლაში, რომელიც დეოკუპაციის ბრძოლის გაგრძელებისათვის ახალ ინსტრუმენტს გვაძლევს. ამით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გადავლახეთ და მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია გავამყაროთ. ეს პოზიცია გაამყარა სტრასბურგის სასამართლომ.
ეს იმ ძალიან სერიოზული ღონისძიებებისა და საქმის შედეგი და იმ ადამიანების ღვაწლია, რომლებსაც დღეს ვაჯილდოვებთ. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ეს არა ერთი ჯგუფის, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების: იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის მუშაობის შედეგია.
ალბათ, ეს არის ის მაგალითი, რომელსაც დღეს უნდა დავუკვირდეთ – როცა არის ერთობლივი მიზანი, როცა საქმეში ჩართულია ყველა ერთად და არა რაღაცა პარტიული მიდგომებით, როცა ვგრძნობთ, რომ წინ არის სახელმწიფო საქმე და სახელმწიფოებრივი მიზანი, მაშინ ვაღწევთ შედეგს.
მე მინდა იმედით მოგმართოთ თქვენ, სწორედ 26 მაისის წინა დღეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ძალიან დიდ ძალას, ჩვენს ყველა ადამიანურ და სხვა რესურსს მობილიზაცია გავუკეთოთ და მივაღწიოთ შედეგს.
ამიტომ მე მინდა იმედით აღვნიშნოთ ეს დღე! ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე გავიტანთ დეოკუპაციის საქმეს, ეს არის მხოლოდ ერთი საფეხური, ერთი ნაბიჯი, მაგრამ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი! ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება გვაძლევს შედეგს ყველა სხვა მიმართულებით, ეს იქნება ბორდერიზაციასთან ბრძოლის, თუ იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც დაზარალებულად არიან აღიარებული, ეს გადაწყვეტილება გვაძლევს ახალ იარაღს, იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ.
ამიტომ, მე მინდა, ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო. აქვე, არ შემიძლია, რომ არ ვახსენო იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ძალიან დიდხანს ამ საქმის სათავეში იდგა. დღეს ის იუსტიციის მინისტრი აღარ არის, მაგრამ ამ საქმეში მის წვლილს მადლიერებით აღვნიშნავთ. მე ვიტყოდი, რომ ამ საქმეში ყველას როლი გადამწყვეტი იყო. არ იქნებოდა ეს გუნდი და არ იქნებოდა შედეგი!
ასე რომ, მე მინდა დღეს თქვენ, ყველას საქართველოს, სახელმწიფოსა და საზოგადოების სახელით მადლობა მოგახსენოთ!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.