სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსთან შეხვედრაზე ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ მეორესთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მშვიდობიანი მოსახლეობის გახშირებული გატაცებების ფაქტებზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე გაამახვილა ყურადღება.
„რაც ეხება ჩვენს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას, აქაც ჩვენი პოლიტიკა სრულიად მშვიდობიანია. ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკა მშვიდობიანი ნაბიჯებისგან შედგება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, რომ მათ გავუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ ყველა კუთხით – განათლების, ჯანდაცვისა თუ ეკონომიკური წამოწყებებით.
სამწუხაროდ, მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ხაზის იქით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აყვანილი არიან მძევლად და ბოლო პერიოდში, შეიძლება ეს არის პასუხი ჩვენს მშვიდობიან ნაბიჯებზე – ძალიან შეზღუდულია ამ მოსახლეობისათვის გადმოსვლის საშუალება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო გადმოსასვლელი პუნქტები, რამაც საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შექმნა.
სალომე ზურაბიშვილმა, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა გატაცებებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ასევე, იცით, რომ ოკუპაციის ხაზზე ძალიან დაძაბული მდგომარეობაა, სადაც გატაცებები გახშირდა, რაც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, როგორც რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, რაც ოკუპაციის ხაზის ჩვენს მხარეს ძალიან რთულ მდგომარეობას ქმნის, თუნდაც იმ მოსახლეობისთვის, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას ამ ძალიან მძიმე პირობებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსთან შეხვედრაზე.
რაც ეხება, მეორე მხარეს, პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად აკრძალულია ქართული ენის სწავლა, ასევე საერთოდ არ აღევლინება წირვა ქართულ ენაზე.
გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა. კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან ორი დღის წინ გადმოასვენეს.