სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, სიმონეტა სომარუგას ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შვეიცარიისა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს კორონავირუსის გავრცელების პიკის შემდგომი გეგმები გააცნო, რომელიც ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნითა და შემზღუდველი ზომების მოხსნით გზით განხორციელდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და ბორდერიზაციის შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როცა მსოფლიოში პანდემიის გამო საერთაშორისო კრიზისია შექმნილი, მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაცია.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ შვეიცარია საქართველოს მსგავსად პატარა ქვეყანაა, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.