სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები.
„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოავლინა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 22 გამარჯვებული.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც არსებული რეგულაციების გამო მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან შეზღუდულ ფორმატში იმართება, დიასპორის წარმომადგენლები მთელი გულითა და სულით მონაწილეობენ.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს პროგრამა, ძალიან დასაფასებელი ინიციატივაა. ეს პროგრამა არის ის, რაც გვაერთიანებს, ერთ-ერთი ფორმა, რითაც ვერთიანდებით და მე ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი ინსტრუმენტი გვქონდეს, რომელიც დაახლოებისა და კავშირის საშუალებას მოგვცემს.
უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები ჩვენი ერთი, ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს წელი ასევე გამორჩეულია. წელს ერთგვარად აღვნიშნავთ პოლიტიკური ემიგრაციის დაარსებისა და ჩვენი სახელმწიფოს აღიარების 100 წელს, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლუქსემბურგში მიმდინარე წელს ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.
მინდა აღვნიშნო, რომ 26 სექტემბერს, სწორედ საფრანგეთში იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც სწორედ ქართული ემიგრაციის 100 წლისთავსა და საფრანგეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება. ასევე, აღინიშნება ჩვენი ერთ-ერთი წარჩინებული სამხედრო პირის, საფრანგეთის უცხო ლეგიონისთვის ნამდვილი სიმბოლოს, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის ხსენების დღე და ასევე მოხდება მისი ბიუსტის გადაცემის ცერემონია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიას ორბელიანების სასახლეში ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.