სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისა და პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და პოლონეთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარება განიხილეს და კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში სოლიდარობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ანდჟეი დუდას საქართველოს მხარდაჭერისა და პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისთვის ასევე, „სოლიდარობის ფონდი PL”-ის მიერ საქართველოში გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ასევე, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა მაღალი შეფასება მისცეს კრიზისის დროს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული ფინანსური მხარდაჭერისთვის.
„აღინიშნა, რომ მსოფლიოს ხალხებთან ერთად, ქართველ და პოლონელ ხალხს ურთულესი გამოწვევები ელით, სწორედ ასეთ დროს თანადგომასა და სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიის დროს მნიშვნელოვანია, ასევე ვირუსთან ბრძოლის გამოცდილების ურთიერთგაზიარება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.