სალომე ზურაბიშვილმა პიანისტი დიმიტრი ბაშკიროვი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო და წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოს საფორტეპიანო სკოლის დაფუძნებასა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, 88 წლის დიმიტრი ბაშკიროვი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ბაშკიროვს მსოფლიო მუსიკის მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ წინანდლის ფესტივალში მონაწილეობით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე.
„ყველა მუსიკალური ფესტივალი უდიდესი მოვლენაა ქართული კულტურისათვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული პიანისტი და ჩვენი თანამემამულე დიმიტრი ბაშკიროვი მონაწილეობს. თქვენ, ბატონო დიმიტრი, დაიბადეთ თბილისში, რასაც საქართველო არასოდეს დაივიწყებს. თქვენ ასევე დიდი წვლილი შეიტანეთ ახალი თაობების გაზრდაში და არ შეგიწყვიტავთ ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში მონაწილეობა. თქვენ ძალიან წარმატებული პედაგოგი იყავით და გაქვთ მსოფლიო პიანისტისა და პედაგოგის ძალიან მაღალი რეპუტაცია.
თქვენ საქართველომ უკვე გაღიარათ და 80 წლის იუბილეზე თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება მოგენიჭათ. ეს ქართული მუსიკალური წრეების მიერ თქვენი აქაური ღვაწლის აღიარება იყო. დღეს კი მე მინდა, ღირსების მედალი გადმოგცეთ საქართველოს საფორტეპიანო სკოლის დაფუძნებასა და განვითარებაში, მსოფლიოს მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებისთვის, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტს და წარმატება, დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.