სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს დაუბრუნა.
კანონპროექტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს, რაც ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.
ასეთ შემთხვევაში, საპარლამენტო განხილვები საჭირო აღარ არის და პაკეტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც შალვა პაპუაშვილს 5-დღიანი ვადა აქვს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო და ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა.
ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება. კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.