სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის სასახლეში მსოფლიოს ყრუთა კავშირისა და მსოფლიოს ყრუთა კავშირის ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ეწვივნენ.
შეხვედრისას ისაუბრეს თანამშრომლობის გეგმებზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჟესტური ენის აღიარება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება, გიდების გადამზადება, ახალგაზრდა ლიდერებისთვის ბანაკების მოწყობა, ასევე, ყრუ ბავშვებისთვის საინფორმაციო და გასართობი პროგრამების შექმნა და მშობელთა სწავლება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ყრუთა კავშირთან ერთად სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ უცხოელი და ქართველი სტუმრებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში მიღება გამართა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა უცხოელ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მზადაა ხელი შეუწყოს და განავითაროს ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების პროცესი.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სტუმრებმა კი, თავის მხრივ აღნიშნეს, რომ სწორედ მსგავსი შეხვედრები შეუწყობს ხელს საქართველოში შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის პროცესს.
„ქართულ საზოგადოებაში ყრუთა ინტეგრირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ როგორც ბავშვებმა, ასევე ზრდასრულებმა მათი კუთვნილი, სრულფასოვანი ადგილი დაიმკვიდრონ ჩვენს საზოგადოებაში. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჟესტების ენა უფრო მეტად დაინერგოს პრაქტიკაში. ბევრია გასაკეთებელი, ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან. ჩვენ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პრობლემასთან გამკლავებას დამოუკიდებლად ცდილობენ და არ ელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, პასუხისმგებლობის განაწილება ხელისუფლებას, ოჯახებსა და ორგანიზაციებს შორის სწორი გზა წინსვლისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.