სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესის მონაწილეებს მიმართა - ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, საზღვრებს გარეშეა, ან ერთად გავუმკლავდებით, ან ვერ გადავლახავთ მათ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) კონგრესი გახსნა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის კონგრესის გახსნა დიდი პატივია, რადგან ის თბილისში გადამწყვეტ დროსა და ძალიან აქტუალურ საკითხზე ტარდება.
„ჩემთვის პატივი და მოვალეობაა ამ კონგრესის გახსნა, რადგან თბილისში ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ დროს, ძალიან აქტუალურ საკითხზე ტარდება. რეალურად, ჩვენ დღეს ვდგავართ ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევის წინაშე. რა თქმა უნდა, ახსენეთ კოვიდი და ის, თუ როგორ ვცხოვრობდით ყველა ამ პერიოდის განმავლობაში – იზოლაცია, დანაკარგი, სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, (და დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც), შეიძლება, უფრო რთულიც კი იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ტრადიციებს – სიკვდილის დროს ოჯახთან ერთად ყოფნის ყველა ტრადიციას. ასე რომ, კოვიდმა ძალიან საშინელი გავლენა მოახდინა.
შემდეგ კი, ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით უფრო პირდაპირი ძალადობის, დესტრუქციის შუაგულში – ეს არის ომი უკრაინაში. რვა თვეა, რაც ეს ომი მიმდინარეობს. ეს არ არის ომი, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით და არ არის ძალადობა, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით. ეს არის ძალადობა ყველა ჩვენგანზე, ძალადობა ყველაზე, რომლებიც მოკლებული არიან საკუთარი დამოუკიდებლობის, ტერიტორიების შენარჩუნების უფლებას და უწევთ ამ ტოტალური დესტრუქციის გავლა, მათ შორის, (რაც კიდევ ერთხელ არის ძალადობის ის მაქსიმუმალური გამოვლინება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ) ბირთვული განადგურების საფრთხე.
საქართველოში ბოლო 30 წელია, ვიცით, რა არის ომის ძალადობა. არა ერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ, რასაც თან ახლავს ძალადობა ტერიტორიის ოკუპაციის, ოჯახების დაყოფის, ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის გრძნობის, (რაც ალბათ სხეულისთვის კიდურის დაკარგვას ჰგავს) და უკიდურესი ძალადობა, რომელიც ყოველდღე ხდება და რომელსაც ჩვენ ყოველ ჯერზე ვიტანთ, როცა რუსი მეზობლის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. და ოჯახური ძალადობა, რომელიც ომის გაურესების კონტექსტში გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომელიც ოჯახებში ითარგმნება [როგორც ძალადოობა], კიდევ ერთი პირდაპირი ეფექტია. ამასობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმა კვლავ რჩება. ძალიან ძნელია, როდესაც შემთხვევები და სირთულეები იზრდება, გქონდეთ პოლიტიკა, რომელიც დროულად უნდა დაინიშნოს.
ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვუპასუხოთ საკითხებს, რომლებიც წამოჭრილია, ყველაზე მყისიერ პრობლემებს, ვიდრე თავიდან ავიცილოთ და გავუმკლავდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც დედისთვის და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელშიც ჩვენ, ყველა ვცხოვრობთ – ეს არის ახალგაზრების მიერ ნარკოტიკების, ბიო ან სხვა ქიმიური პრეპარატების მზარდი გამოყენება. ვსაუბრობ საქართველოსთვის და საჯარო სექტორისთვის, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ოჯახებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას ნათლად დაანახოს რისკები, რომლებიც დგას ამ „გასართობი“ ნარკოტიკების გამოყენებისას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ყველას აწუხებს.
ცხადია, ყველა ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, საზღვრებს გარეშეა. ისინი ყველა ჩვენგანს აწუხებს, ჩვენ ამ საკითხში გარკვეული თვალსაზრისით, ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. ჩვენ ან ერთად გავუმკლავდებით ამ საკითხებს, ან ვერ გადავლახავთ მათ. ასე რომ, მინდა, გისურვოთ ნაყოფიერი სესია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ყველა დისკუსია, თქვენი დისკუსიების შედეგები მაინც იქნება გავრცელებული. გმადლობთ საქართველოში ჩამოსვლისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს დისკუსიებში“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის კონგრესის მონაწილეებს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.