სალომე ზურაბიშვილმა მომღერალი ნათია თოდუა საზღვარგარეთ თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
„დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ისეთი რაღაცები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება.
ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ, რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ.
მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია. და კიდევ ერთი, ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა. რუსეთს სურს, ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას.
დარწმუნებული ვარ, აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ, როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა – ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ.
ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი. ეს არის ის, რაც უნდა გადავცეთ მათ, რასაც უნდა ვაშენებდეთ და რითიც ერთად უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი, მკვლევრები და ხელოვანები.