სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისთვის
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისთვის
საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.
მისი თქმით, კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას, საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.
ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიზმსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე წერს სააგენტო „ესთონიან ვორლდიც“.
„ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე. ამ მიმართულებით ესტონეთისა და ევროკავშირის პოზიცია ცხადია. მე ვთქვი, რომ ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან ორივე ქვეყანაში და ესტონეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.