სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერენელისს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობა, ევროკავშირის ყველა შესაძლო ფორმატში ჩართულობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და კულტურული ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ლიტეუვის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განსაკუთრებული და ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.
ასევე, ქართულმა მხარემ არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პარტნიორების შემდგომი კონსოლიდაციის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ლიეტუვის, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს 15 წლიანი წევრის მხარდაჭერის მნიშვნელობა და მისი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
შეხვედრისას ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებებად დასახელდა ეკონომიკის სხვადასხვა დარგი – სოფლის მეურნეობა, ტურიზმი , ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები.
მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლიეტუვას შორის განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობა, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის ცენტრის საქმიანობა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის მუშაობა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.