სალომე ზურაბიშვილმა კახში მცხოვრებ ქართველებს მიმართა - თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც რეალურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახის რაიონში ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა.
სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას გამართული შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის რაიონის მოსახლეობაზეც აისახება.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისათვის მომგებიანი ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.