სალომე ზურაბიშვილმა იტალიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული, იტალიის რესპუბლიკის დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იტალიასა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რადგან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, პირველ რიგში, ღვინო, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ოპერა და მხატვრობის სიყვარული.
„დღესასწაული, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ იტალიის რესპუბლიკის დღეა და მას შემდეგ, იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ქვეყანაა, რომლის წევრობაც საქართველო აპირებს. თქვენ ხართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. პოლიტიკურად თქვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდით და ვიცი, რომ კვლავ ჩვენს გვერდით დარჩებით ჩვენი გზის ამ ბოლო ეტაპზე, რომელიც ევროკავშირამდე და საქართველოს სრულ ტერიტორიულ გამთლიანებამდე მიგვიყვანს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ღირშესანიშნავი დღე, -მივულოცო ყველა ჩვენს იტალიელ მეგობრებს და ვუსურვო თქვენს ქვეყანას უამრავი წარმატება, რათა კიდევ უფრო ძლიერი ქვეყანა და საქართველოს ძლიერი მოკავშირე გახდეს ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა.