სალომე ზურაბიშვილმა რუვენ რივლინს სთხოვა, ისრაელმა შეახსენოს მსოფლიო ლიდერებს, რომ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია ვერასოდეს წაადგება მშვიდობას
საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და რუვენ რივლინმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის პრეზიდენტმა ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, პირველი ორმხრივი შეხვედრა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია ვერასოდეს წაადგება მშვიდობას რეგიონში.
თავის მხრივ კი, ისრაელის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობისას რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში ყურადღება გაამახვილოს უსაფრთხო ისრაელის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტების შეხვედრა იერუსალიმში გაიმართა.