სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია
სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განხილულ საკითხებზე ისაუბრა და ორი ქვეყნის ერთობლივ პროექტებს გაუსვა ხაზი, მათ შორის სატრანსპორტო კორიდორისა და სატრანსპორტო ქსელის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე შესაძლოა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ამ საკითხზე ერთობლივი ხედვა წარადგინონ.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოვიწვიე ბათუმის კონფერენციაზე, სადაც ძალიან დიდი ალბათობით, ტრანსპორტის საკითხი ცენტრალური თემა იქნება და, სადაც შეიძლება, წარვადგინოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამასთან დაკავშირებით. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ შეიძლება, ერთობლივი დელეგაცია ეწვიოს ჩინეთს და იქ წარვადგინოთ ერთობლივი ხედვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველა აღნიშნული ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არსებული პოტენციალი რეალობად და სერიოზულ პერსპექტივად იქცეს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ამის ყველა მონაცემი აქვთ.

ამასთან, მისი თქმით, ეს არის ახალი პროექტი, სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ევროკავშირის დახმარებითა და ინვესტიციებით განვითარდება.

„ასევე, ჩვენ მზად ვართ და შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ საერთო ინვესტიციებიც მოხვდეს ამ დარგში, რათა აზერბაიჯანთან ერთად ბოლომდე გამოვიყენოთ საშუალება, რაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით მოგვეცა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დღეს ბაქოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

რაც შეეხება კონფერენციას, ბათუმში მიმდინარე წლის ივლისში ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართება, რომელიც წელს მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხს ეძღვნება.