სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან, წინანდალში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სტუმრებს უძველესი ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქართული და გერმანელი ხალხის სადღეგრძელო შესვა.
„ორი საუკუნის წინ საქართველოში გაჩენილი გერმანული დასახლებები ჩვენი – განსხვავებული კულტურებისა და ამავე დროს, საერთო ღირებულებების მატარებელი ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. გერმანული სოფლების არქიტექტურა კულტურათა სინთეზის უნიკალური მაგალითია, სადაც ფახვერკის არქიტექტურას ერწყმის ქართული ხის აივნები, გერმანულ ტრადიციულ სამზარეულოს – ქართული ვაზის კულტურა. დღეს ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი: გერმანიაში განსწავლულმა დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შედევრით – „დიონისოს ღიმილით“ უპასუხა თომას მანის ნაწარმოებს „სიკვდილი ვენეციაში“. ვამაყობთ გრიგოლ რობაქიძის, გივი მარგველაშვილის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედებით. ვამაყობთ, რომ გვყავდა არტურ ლაისტი, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საბჭოთა წლებში ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ქართული სცენა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ გარეშე, რომელიც მაშინ ქართველი ერის თავისუფლების მანიფესტი იყო. საქართველოს ჰყავდა დიდი გულშემატკივარი კარლ კაუცკის სახით. იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის – ნოე ჟორდანიას ახლო მეგობარი. კაუცკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან და მისმა მეუღლემ საქართველოს თავდაცვის ფონდს ძვირფასეულობა შესწირეს. საქართველოს მეგობრები იყვნენ გერმანელი არქიტექტორები. მათ შორის იყო არქიტექტორი სრეტერი, რომლის პროექტითაც აშენდა თბილისის ოპერის თეატრის შესანიშნავი შენობა. სწორედ ამ შენობაში დაიბადა ქართული ოპერა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ოპერა საოპერო მუსიკის მოყვარულთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის რჩება ცნობილი. ვიმედოვნებ, რომ იგი გერმანიის ოპერის სცენებზე უთუოდ დაიდგმება.
მადლობელი ვართ გერმანიის, რომელმაც, საქართველოსთვის ურთულეს წლებში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. მათი დიდი ნაწილი შეჭირვებული ოჯახებიდან იყო. გერმანიის ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული საგანმანათლებლო კავშირების ღირსეული გაგრძელება გახლდათ. დღეს ამ კუთხით თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ მე ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ძალიან მაღალი ჯილდო – „ოქროს საწმისის“ ორდენი გადავეცი საქართველოს გერმანელ მეგობარს, ბატონ იორგ ალექსანდერ ჰენლეს. ბატონი ჰენლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ჩვენი კულტურის ქომაგი იყო. 90-იან წლებში, როცა აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა და არავის ეცალა კულტურისთვის, ის და მისი ფონდი ყველაფერს აკეთებდა სწორედ ქართული კულტურის გადარჩენისა და ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო.
„გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო და ეს გახლდათ უდიდესი აღიარება, მხარდაჭერა და საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცნობადობის გასაზრდელად. რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. გისურვებთ დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და გერმანელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გერმანიის პრეზიდენტის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამს პირველად ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.