სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან პირისპირ შეხვედრისას საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არც ერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე.

„საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოხდეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აბრკოლებს პოლარიზაცია და სწორედ ამიტომაა, რომ წამოიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.

„პოლარიზაცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და შევამციროთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ის გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის და 2023 წელს დაგეგმილ კონფერენციაზეც მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მეორედ ჩატარდება.