სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ.
„მივმართე ამ ასამბლეას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე სპეციალური განცხადება მიიღონ. დღეს სწორედ ერთი თვე შესრულდა მისი დაპატიმრებიდან. აუცილებელია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს გაერთიანებული მის გასათავისუფლებად“ ,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიაზე – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.