სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ მუზეუმს პირადი არქივიდან საჩუქრად გადასცა საფრანგეთის მიერ გაცემული, გენერალ გიორგი კვინიტაძის ოჯახის პირველი პასპორტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ მუზეუმში დღეს დაათვალიერა ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის, გიორგი კვინიტაძის პირადი ნივთების გამოფენა, რომელიც 22 მაისს გიორგი კვინიტაძის ოჯახის წევრებმა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.
მუზეუმში წარმოდგენილია გენერლის ხელნაწერები, იარაღი და აღჭურვილობა, რუკები, ფერწერული ტილო და სხვა პირადი ნივთები. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა გიორგი კვინიტაძის მეუღლის, მარიამ მაყაშვილისა და მისი შვილის პასპორტის ასლი. გამოფენა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაათვალიერა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„მოგესალმებით ბატონო მინისტრო, ბატონო დირექტორო, პატივცემულო საზოგადოება!
ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ეს დღე ყველასთვის ისტორიულ დღედ აღიქმება, რამეთუ ბრუნდება გენერალი კვინიტაძე, ბრუნდება სიმბოლურად, ბრუნდება იმ ატრიბუტებით, რომელიც ძალიან სიმბოლურია, რომელიც აქ დარჩება და გამოიფინება ეროვნულ მუზეუმში.
არ ვაპირებ, რომ გრძლად ვისაუბრო გენერალ კვინიტაძეზე, ამისთვის გვექნება ხვალინდელი დღე, 26 მაისი, რომელიც მგონი, შესატყვისი თარიღია, სწორედ გენერალ კვინიტაძის პიროვნების და საქართველოს ისტორიაში მისი როლის გასახსენებლად.
მე დღევანდელ დღეს ოჯახს დავუთმობ, რომელიც პასუხისმგებელია გენერალ კვინიტაძის პირადი ნივთების ჩამოტანაზე.
მე მინდა სამუზეუმო ექსპონატებს ჩემი არქივიდან დავამატო (სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ჩემს არქივებში), საფრანგეთში, 1922 წლის 10 იანვარს ოჯახზე გაცემული პირველი პასპორტი.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი ძალიან დიდი ხნის ნაფიქრალი,თუმცა არ ვიცი როდის განხორციელდება, ამ მუზეუმში, ზემო სართულზე არსებობს ოკუპაციის მუზეუმი და ვფიქრობ, სამომავლოდ, ოკუპაციის მუზეუმი არ შეიძლება გამიჯნული იყოს ემიგრაციის მუზეუმისგან, რომელიც სრულყოფილი სახით არ არსებობს. ნაწილი ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტის ბიბლიოთეკაშია. ემიგრაცია და ოკუპაცია – ეს ჩვენი ერთი ისტორიული ფურცლის ორი ნაწილია. ასე რომ სამომავლოდ, ვიფიქროთ, არ იქნება ურიგო მათი გაერთიანება. ძალიან დიდი მადლობა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.