სალომე ზურაბიშვილმა დალი ჩიკვილაძე და ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსახურებული ჟურნალისტი დალი ჩიკვილაძე და ფილოლოგი ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დამსახურებული ჟურნალისტი, პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე დალი ჩიკვილაძე (სიკვდილის შემდეგ) ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისთვის დააჯილდოვა, ხოლო ფილოლოგი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე ლია ბიბილეიშვილი – ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დალი ჩიკვილაძემ დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომით ნამდვილად გააცოცხლა არა მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია, არამედ მისი საქმიანობის ბევრი სხვადასხვა მხარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი თაობებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლია ბიბილეიშვილს გაწეული საქმიანობისათვის და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მოვლა-პატრონობისთვის.
„ეს ჯილდო არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი მშობლების საქმიანობის დაფასებაცაა. მინდა, ქართული საზოგადოების სახელით ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ და არა როგორც ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე ნიკო ნიკოლაძესთან დაკავშირებით გიორგი ფარეშიშვილის, ლია ბიბილეიშვილის, დალი ჩიკვილაძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.