სალომე ზურაბიშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა შიდა ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის სექტორში ჩართული კერძო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, რადგან, როგორც ცნობილია, „კოვიდ-19“-ის პერიოდში განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტთან ასევე განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მიდგომები იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, რომლებისთვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ბიზნესმოგზაურების ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ბიზნესმენები და ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში შემოსვლასა და მოგზაურობას კონკრეტული პირობით შეძლებენ“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში უკვე ეწვია საქართველოს რამდენიმე რეგიონს და საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა.