სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, მიშას შტაბში ან „ქართუ ბანკში“ იყვნენ მოკალათებული
სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, მიშას შტაბში ან „ქართუ ბანკში“ იყვნენ მოკალათებული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა.

„ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს? სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ: ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული. თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებ.

მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე გავამწესე ასეთ ადგილებზე? საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ, ეს არ არის შეწყალება? სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ? ესენი არიან თავ-თავიანთ ადგილებზე, სადაც არიან“,  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.

სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მათთან შეხვედრის სურვილი აქვს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს, ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც მათ პრეზიდენტმა მიმართა.