სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცა [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ახალი, 2019 წელი მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი სამხედრო მართვის ცენტრში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება და მათი საქმიანობის მნიშვნელობა.
სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა განხორციელდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციაზე და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.