სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები გაიმართოს
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები გაიმართოს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, პარლამენტში სხდომის მოწვევის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე ალბათ დამატებითი კონსულტაციები იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის.
„შაბათი საკრარული დღე ხომ არ არის? – თარიღზე კონსულტაციები უნდა გაიმართოს. კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის უფლება აქვს და თარიღთან დაკავშირებით კონსულტაცია იქნება. აქ რაიმე განსაკუთრებული არ არის. ალბათ, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდება იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში შეიქმნა რუსული აგრესიიდან და იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ამ აგრესიამ, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოშვა“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგეს.