სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე - დღეს აქ მოვედი არა მხოლოდ ის პატარა გოგო, რომელიც თქვენთან შთაბეჭდილებებისგან გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი, მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი
ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმით, ოკუპაციით იქნა შეწყვეტილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, ბედის ტრიალი 2021 წლის 26 მაისს სრულდება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გენერალ კვინიტაძის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა.
„ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი. დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა. ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმით და ოკუპაციით იქნა შეწყვეტილი.
ბედის ტრიალი 2021 წლის 26 მაისს სრულდება, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წელს აღვნიშნავთ და ამავე დროს თქვენ სამშობლოში სრული სამხედრო პატივით გაბრუნებთ.
ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით.
საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენს სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენს მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან.
თქვენი შემართებით და გულანთებული მამულისშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება. ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი.
100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა, ნიშნავს რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემის და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა – საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია. ამიტომ დღეს, მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, აღსრულდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ოცნება, რომელიც საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება ამოძრავებდა – მის ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება.
„თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ, აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით. დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედის დღეა. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ქვეყნის მომავლის თქვენსავით სჯეროდეთ და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს სახელმწიფოს ერთგულად სამსახურში ყოფნა. მინდა, ყველას სახელით მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. დაე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი იყოს ქართული, მშობლიური მიწა. საუკუნოდ იყოს თქვენი ხსენება, საქართველოს დიდო მთავარსარდალო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.