საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარება არის საქართველოს გამარჯვება და ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სპორტული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო გახდა. თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და ბერლინში გაიმართება. გადაწყვეტილება გუშინ მიუნხენში ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში მიიღეს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის საქართველოს გამარჯვება და რეალურად ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სპორტული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. სპორტის მეშვეობით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა გუშინ დასახელდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.